Sida qarTlis uReltexilebi - jvris uReltexili

კოორდინატები 42°30`16` ჩ. გ. 44°27`14` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2379 მ
ქედი ხევის კავკასიონი
გამავალი გზა საქართველოს სამხედრო გზა
ამგებელი ქანები დიაბაზი
ლანდშაფტი სუბალპური და ალპური

 

სინონიმი: ხევისყელი.

უღელტეხილი ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე. მდინარეების ბიდარისა (თერგის მარჯვენა შენაკადი) და მთიულეთის არაგვის წყალგამყოფზე,ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 2379 მ. აგებულია მეოთხეული ეფუზივებითა და ინტრუზიული დიაბაზებით. უღელტეხილის მიდამოებში სუბალპური და ალპური ლანდშაფტებია.

მასზე გადის საქართველოს სამხედრო გზა. სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მოწყობილია გუდაურის ზამთრის სპორტული-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. როგორც ცნობილია, ჯვრის უღელტეხილს აგებენ ახალგაზრდა ვულკანური ქანები, რომლებიც აქ გაჩნდენ პატარა ნეფისკალოდან ლავების ამოღვრის შემდეგ. ამოღვრილმა ლავებმა წარმოშვა ნაკადი ჯვრის უღელტეხილისაკენ. ლავურმა ნაკადმა ამოავსო იმ ძველი მდინარის ხეობა. ლავების ამოღვრამდე ჯვრის უღელტეხილის სიმაღლე დაახლოებით 2000 მ ცოტა მეტი უნდა ყოფილიყო (ლავის ნაკადის სისქე 360 მ). ლავის ნაკადმა უღელტეხილის სიმაღლე მნიშვნელოვნად გაზარდა. შემდეგში, ჯვრის უღელტეხილის თანამედროვე სახის გამომუშავებაში, მყინვარებმა უდავოდ დიდი როლი ითამაშეს.

„ჯვრის უღელტეხილი“ წყაროებში ცნობილია აგრეთვე ჯვართაყელისა და გუდაურის უღელტეხილის სახელით.